ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
„დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის (მიუნსტერი, გერმანია) ერთობლივი პროექტი იყო, რომელიც დოქტორანტებს სთავაზობდა სადოქტორო კვლევის განხორციელებას პრაქტიკული ფილოსოფიის მიმართულებით კოტუტელის პრინციპზე აგებული სტრუქტურირებული პროგრამის ფარგლებში. სადოქტორო სკოლაში სწავლის პერიოდში, 8 დოქტორანტმა შესაბამისი კურსები გაიარა არა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ ასევე ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში (ამისათვის, დაიგეგმა რამდენიმე ხანგრძლივი ვიზიტი მიუნსტერში). თითოეულმა მონაწილემ მიიღო საბაზისო გრანტი, რამაც მას სადოქტორო კურსებსა და დისერტაციაზე სრულად კონცენტრირების საშუალება მისცა. ილიაუნისა და ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის დამატებითი აკადემიური პროგრამა მოიცავდა ისეთ კომპონენტებს, როგორებიც იყო სემინარები და საზაფხულო სკოლები. მეტიც, პროექტი ითვალისწინებდა ორივე უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ერთობლივ სამეცნიერო ხელმძღვანელობას. სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, დოქტორანტებმა კოტუტელის პრინციპით ერთდროულად მიიღეს როგორც ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის, ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი.
სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის “დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ თემატიკა მოიცავდა ყველა იმ ფუნდამენტურ სოციალურ, ფილოსოფიურ და ნორმატიულ საკითხს, რომელიც აქტუალური იყო პლურალიზმისა და დემოკრატიის პრინციპებზე ორიენტირებული ყველა თანამედროვე საზოგადოებისთვის. პროგრამის ფართო თემატურ საზღვრებში ერთიანდებოდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და რელიგიის ურთიერთკავშირსა და მათ შორის არსებულ დაძაბულობაზე ფოკუსირებული მთელი რიგი საკვლევი საკითხები, რაც მის მკაფიო ინტერდისციპლინურ ხასიათზე მიუთითებდა.
სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა “დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ გერმანიის„ფოლკსვაგენის“ ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვახტანგ პატარიძე
კოორდინატორი
ელ. ფოსტა: doctoralschool@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილია ჭავჭავაძის გამზირი N45